вторник, 22 января 2013 г.

ისტორია(ლეგენდა)


სვანეთი იყო კოლხეთის და მოგვიანებით ეგრისის სამეფოების ნაწილი ქრისტეს შობამდე VI საუკუნიდან - ქრისტეს შობიდან VII საუკუნემდე. იმ დროისტვის სვანეტი დამოუკიდებელი ტერიტორია იყო და ადგილობრივი საბჭო მართავდა.
ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, არგონავტები იასონის მეთაურობით წამოვიდნენ კოლხიდაში (ახლანდელი დასავლეთ საქართველო) ოქროს საწმისის საპოვნელად. ალბათ, სწორედ კავკასიური ოქროს ძებნამ მიიყვანა ისინ ტერიტორიებზე რომლებსაც დღეს ჩვენვიცნობთ როგორც სვანეთი, საქართველო.
რაც შეეხება ქრისტიანობას - სვანეთამდე მხოლოდ ქრისტეს შობიდან 530 წელს მიაღწია.
საინტერესოა ის ფაქტი რომ სვანეთი არასოდეს არ ყოფილა მტრების მიერ დანგრეული. ალბათ ეს იმის ბრალია რომ მაღალი მთები რთული რელიეფით საუკეთესო თავდაცვაა. ისტორია გვეუბნება, რომ, როდესაც საქართველოს ემუქრებოდა მტრის შემოსევა მთელი ქვეყნის სიმდიდრეს და ხელოვნების ნიმუშებს სვანეთსი მალავდნენ - დარწმუნებულნი იყვნენ რა - რომ იქ საფრთხე არ ემუქრებოდა.
თვალ წარმტაცი სვანური კოშკების უმრავლესობა რომელთაც ერთ დროულად თავდაცვითი და საცხოვრებელი ფუნქციები ჰქონდა, ადრეულ შუა საუკუნეებშია აშენებული. ზოგიერთი მათგანი დიდი მეფე თამარის დროსაა აშენებული. მეფე თამარის, როგორც ცნობილია საკაოდ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა სვანეთში XII საუკუნის დასასრულსა და XIII საუკუნის დასაწყისში.
სხვა ქართული რეგიონებისგან განსხვავებით სვანეთი არასდროს არ ყოფილა მონღოლების მიერ დანგრეული. სვანეთი ყოველთვის დამოუკიდებლი იყო სანამ 1833 რუსეთის დაქვემდებარებაში არ გადავიდა. 1975-76 წლებში მოხდა მთავარი აჯანყება როცა რუსეთს უნდოდა რეგიონში გაეზარდა გადასახადები. უკანასკნელი რუსი გუბერნატორი გამოგდებულ იქნა 1905 წელს. ამბობენ რომ რუსეთის რევოლუცია თითქმის გაურბოდა სვანეთს. სვანეთი დამოუკიდებელი იყო სანამ 1924 წელს საბჭოთა კონტროლის ქვეშ არ გადავიდა.
ცნობილი იტალეიელი ფოტოგრაფი და მთამსვლელი ვიტორიო სელა რამოდენიმეჯერ იმყოფებოდა სვანეთში. კერზოდ 1889, 1890 და 1896 წლებში. მან გადაიღო სესანიშნავი ფოტო სერიები: ლანდჩაფტები, მწვერვალები, ხალხი, წეს-ჩვეულებები და ა.შ.
პირველი საავტომობილო გზა რომელმაც დააკავშირა ზუგდიდი სვანეთთან 1934 წელს გაიყვანეს. სანამ სვანეთი მიუღწეველი იყო ავტომობილებისთვის ხალხი მოძრაობდა ცხენით ან ფეხით.
ნათქვამია რომ სვანეთი საქართველოს ყველაზე ქართული კუთხეა. აქ არის კარგად შენახული უძველესი ქართული ენა, აქ სპარსებმა ვერ შემოაღწიეს, აქ საბჭოთა სისტემამა უფრო ნაკლებად გაიდგა ფესვები ვიდრე დანარჩენ საქართველოში. აქ ისევ ცხოვრობს ხალხი მწვანე თვალებით და ქერა თმებით.წყარო
Добавьте подпись

სამართალი&ტრადიციები



მთაში არსებული სიდუხჭირე და მცირემიწიანობა არ იძლეოდა მოსახლეობაში ფენათა წარმოქმნის, ანუ კლასობრივი დიფერენციაციის საშუალებას. ამის გამო საქართველოს მთიან კუთხეებში ფეოდალურმა ურთიერთობებმა ძნელად მოიკიდა ფეხი. ფშავში, ხევსურეთში, მთიულეთში, ხევში, თუშეთსა და სვანეთში, მიუხედავად ფეოდალების მრავალი ცდისა, მოსახლეობამ ბატონყმობის უღელი ვერაფრით ვერ იგუა და თითქმის მეოცე საუკუნემდე შეინარჩუნა ცხოვრების თემური წესი.
ადრეულ საუკუნეებში სვანეთის საერისთავო ერთიანი საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ერთეულს წარმოადგენდა. მისი მთავარიც საქართველოს სამეფო კარზე ინიშნებოდა. საქართველოს ცალკეულ სამეფოებად და სამთავროებად დაშლის შემდეგ სვანეთის საერისთაო გაუქმდა და იგი მეზობელ სამთავროების გავლენის ქვეშ მოექცა. XIX ს. დასაწყისში ქვემო სვანეთი (ამჟამინდელი ლენტეხის რაიონი) სამეგრელოს სამთავროს (დადიანებს) დაექვემდებარა, ზემო სვანეთის (მესტიის რაიონი) დასავლეთი ნაწილი, ე.წ. ბალს ქვემო სვანეთი, XVIII ს. მიწურულში დადეშქელიანების ხელქვეითი გახდა, ხოლო აღმოსავლეთმა ნაწილმა (ბალს ზემო სვანეთი-ლატალის თემიდან მდ. ენგურის სათავეებამდე) დიდი პერიპეტიების შემდეგ თავისუფალი, უბატონო სვანეთის სტატუსი შეინარჩუნა.
საქართველოს მთაში ძველთაგანვე არსებობდა თემის ინსტიტუტი, რომელსაც ხევისბერი მეთაურობდა. ხევისბერს ხევსურეთში ხუცს უწოდებდნენ, თუშეთში – დეკანოზს, სვანეთში - მახვშს.
სვანეთში დამკვიდრებული იყო თემის მმართველობის მეტად დემოკრატიული ფორმა: მახვშს, ანუ თემის მეთაურს თემის საერთო კრება ირჩევდა. კრებაში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა თემის ორივე სქესის ზრდასრულ (20 წლის) წევრს. მახვში გამოირჩეოდა გონიერებით, დარბაისლობით, სამართლიანობით, სისპეტაკით. იგი იყო ცხოვრებაში ქრისტიანული წესების გამტარებელი, მშვიდობიანობის დროს მსაჯული, ხოლო ომიანობაში ლაშქრის წინამძღოლი.
საგანგებო შემთხვევებში იმართებოდა თემთა გაერთიანებული შეკრება - ხევის ყრილობა, სადაც საკითხი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა. ყრილობაზე განიხილებოდა ხევის საჭირბოროტო საგარეო და საშინაო პრობლემები, მეზობლებთან გამწვავებული ურთიერთობის საკითხები, მოსალოდნელი ომიანობისათვის სამზადისი და თავდაცვის სტრატეგია, მსხვილი ეკლესიების, საფორტიფიკაციო ნაგებობების, გზების, ხიდების და სხვათა მშენებლობისა და მათში თემების მონაწილეობის საკითხები. ყრილობა მსჯელობდა იურიდიულ ასპექტებზეც - აწესებდა სასჯელის ფორმებსა და ნორმებს.
ყრილობა იყო უზენაესი ინსტანცია იურიდიულ იერარქიაში, იგი არავის წინაშე არ იყო ანგარიშვალდებული, ყრილობის გადაწყვეტილება საბოლოო იყო და განხილვას არ ექვემდებარებოდა.
უკანასკნელად ხევის ყრილობა მოიწვიეს 1875 წელს, რაც გამოწვეული იყო შემდეგი გარემოებით: სვანეთში რუსული მმართველობის დაწესების შემდეგ (1869 წ.), ცარისტულმა ხელისუფლებამ, ბეგარის გაზრდის მიზნით, 1875 წ. გადაწყვიტა მიწებისა და პირუტყვის აღწერა-რეგისტრაცია. უბატონო სვანებმა მოიწვიეს ხეობის ყრილობა და ერთხმად დაიფიცეს არ დამორჩილებოდნენ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას. 2000 შეიარაღებულმა გლეხმა გადაკეტა უბატონო სვანეთში შესასვლელი ყველა გზა და ბილიკი. ხელისუფლება შეშინდა, დათმობაზე წავიდა და ხალხი დააშოშმინა. მაგრამ 1876 წ. შეფარვით შეიყვანა დიდძალი სამხედრო ძალა და 20 აგვისტოს სოფ. ხალდე, სადაც კოშკებში გამაგრება მოასწრო ორმოცდაათამდე მეამბოხემ, ალყაში მოაქცია.
ამ სადამსჯელო ოპერაციაში მონაწილეობდა ალექსანდროპოლის 161-ე ქვეითი პოლკის ოთხი ასეული, ქუთაისის გუბერნიის ქვეითი მილიციის ორი რაზმი, 39-ე საარტილერიო ბრიგადის სამთო ბატარეის ოცეული, მესანგრეთა ასეული, გურიის მილიციისა და ბეჩოს სამხედრო ნაწილის რაზმები. ქუთაისთან კავშირის დასამყარებლად მოეწყო კაზაკთა ხუთი “პოსტი”. ოპერაციას ხელმძღვანელობდა გენერალი ციტოვიჩი.
ექვსი დღის გამუდმებული საარტილერიო ცეცხლითა და ნაღმებით ჯარმა დაანგრია ხალდეს თერთმეტივე კოშკი, ყველა ქვიტკირის შენობა, გადაწვა ხის ნაგებობები, მოსამკელი ყანები და ხალდე ნაცარ-ტუტად აქცია.
სამთავრობო ჯარების მხრიდან ბრძოლაში დაიღუპა 2 და დაიჭრა 12 ჯარისკაცი. 2 ხალდელი კოშკის ნანგრევებში მოკვდა, 8 შეიპყრეს, დანარჩენები მიიმალნენ. 28 აგვისტოს ნანგრევებად ქცეული ულამაზესი სოფ. ხალდე რუსის ჯარმა დატოვა.
ხალდეს ამბოხება იყო ცარიზმის წინააღმდეგ თავისუფლების მოყვარე ქართველი მთიელების მესამე და უკანასკნელი გაბრძოლება. პირველი, მთიულეთის ამბოხების სახელით ცნობილი აჯანყება, 1804 წელს დამარცხდა, მეორე, კახეთის აჯანყება - 1812 წელს. კახეთის აჯანყებაში აქტიურად მონაწილე ხევსურებს კი კავკასიის მთავარმართებელი რტიშევი 1813 წ. გაუსწორდა. რუსეთის ჯარი, რომელსაც გენერლები სიმონოვიჩი, ტიხონოვსკი და სტალი ხელმძღვანელობდნენ, ცეცხლთა და მახვილით შევიდა ხევსურეთში და სოფ. გუროსთან სისხლიანი ბრძოლის შემდეგ ხევსურები დააჩოქა.
სვანეთში სახნავ-სათესი მიწები კერძო საკუთრებაში იყო, სათიბ-საძოვრები და ტყე - საერთო სათემო სარგებლობაში. ამის გარდა არსებობდა ხატის ტყე და მიწა, რომელიც ეკლესიის მოთხოვნებისა და რელიგიურ დღესასწაულებისათვის გამოიყენებოდა. მახვში არეგულირებდა სათიბ-საძოვრითა და ტყით სარგებლობის პროცესს, საძოვრების მონაცვლეობის, მიწის განაწილების, ნაკვეთების საზღვრის დადგენის საკითხებს და სხვა. ყველა სადაო საკითხს მახვში პირადად განიხილავდა 4-5 კაცის თანდასწრებით.
მახვში იყო მეტად მკაცრი, მაგრამ სამართლიანი თავის გადაწყვეტილებებში. ავისა და ცუდის ჩამდენს, ქურდსა და თემის შემარცხვენელს მახვში გაკიცხავდა და თემიდან მოჰკვეთდა. “მოკვეთილისათვის ყველა კარი დაკეტილი იყო, წისქვილში საფქვავს არავინ დაუფქვავდა, ხატ-სალოცავში არ მიუშვებდა, მის საქონელსაც არ გააკარებდნენ სოფლის ნახირს” (ვაჟა ფშაველა). განსაკუთრებული დანაშაულის შემთხვევაში მახვშის თაოსნობით გაიმართებოდა ხევის ყრილობა, რომელიც აჰყრიდა დამნაშავეს (ან დამნაშავეებს) თემიდან და მის სახლ-კარს გადაწვავდა. ყოფილა შემთხვევები, როცა უმძიმესი დანაშაულისათვის, მაგალითად, თემის ღალატისათვის ყრილობას სასიკვდილო განაჩენიც კი გამოუტანია.
ყოველგვარი სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმე ადგილობრივ სასამართლოში განიხილებოდა, რომელთა შემადგენლობაში შედიოდნენ მსაჯულ-მედიატორები, რასაც სვანეთში “მორვალს” უწოდებდნენ.
მორვებს ირჩევდა ორივე მოდავე მხარე სანათესაოდან ან გარეშე პირთაგან. მორვები მოდავე მხარეებს გულდასმით მოუსმენდნენ. მოლაპარეკების პროცესი ხანგრძლივი იყო და ხშირად წლების განვალობაში გრძელდებოდა. როცა ყველაფერი გაირკვეოდა და დაზუსტდებოდა, ხატზე ფიცის დასადებად გადიოდნენ. დაფიცების შემდეგ განაჩენის ობიექტურობაში ეჭვი არავის ეპარებოდა და მორვებიც გადაწყვეტილებას ღებულობდნენ, რაც უმეტეს შემთხვევაში საბოლოო იყო და არ საჭიროებდა ახალი მორვების მიერ საქმის ხელახალ გარჩევას. განაჩენის გამოტანისას მოსამართლეები ქვას ჩაფლავდნენ მიწაში, რაც საქმის დამთავრებას ნიშნავდა და მოდავე მხარეების შერიგებით მთავრდებოდა.
სვანი კაცი, ძირითადად, თავის მოწეულ მოსავალზე იყო დამოკიდებული. ბარში კიდეც რომ ეჩუქებინათ მარცვლეული, ოჯახის სამყოფი სარჩოს ტრანსპორტირება უგზოობის პირობებში, ასე შორ მანძილზე, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
მთაში მიწათმოქმედება მეტად გართულებულია, დათესილი მარცვლეული ჯერ ჯეჯილობაშივე ჩაირეცხება ღვარებისაგან და თუნდაც გაიხაროს, სეტყვას მაინც ძნელად გადაურჩება. ამიტომ, სვანი მუდამ კარგ დარზე ოცნებობდა, რათა კარგი ჭირნახული მიეღო.
მაღალი მოსავლის მიღებაზე ზრუნვა ახალი წლის დადგომიდანვე იწყებოდა. თებერვლის დასაწყისში იცოდნენ ლამპრობა. ლამპარი მზადდებოდა არყის ხის წვრილად დაჩეხილი კონის სახით. ყველა ოჯახში სამ კონას ამზადებდნენ - ერთი კონა წმინდა მარიამის სახელზე იყო დათქმული, მეორე წმინდა გიორგის და მესამე ცის საკეთილდღეოდ. მარიამს სვანები მოსავლიანობის მფარველ ღვთაებად მიიჩნევენ. დადგენილ ღამეს კონები ეკლესიის ეზოში სასაფლაოზე გაქონდათ დასაწვავად. ამ დღეს აცხობდნენ ლემზირებს (სალოცავი კვერი) და იმართებოდა საერთო დღესასწაული.
ზამთრის პერიოდში მეტად გავრცელებული იყო თოვლის კოშკის აგება, რომლის ცენტრშიც ხის ძელს დაატანდნენ, კენწეროში კი ჯვარს დაკიდებდნენ. დღესასწაულში მონაწილე ახალგაზრდობა, საცხოვრებელის ადგილმდებარეობის მიხედვით, გუნდებად იყოფოდა. ყველა გუნდი ცდილობდა კოშკის თავისი უბნის მხარეზე წამოქცევას, რაც იმ მხარეზე კარგი მოსავლის მიღებას ნიშნავდა. იგივე მნიშვნელობა ჰქონდა ჯვრის ხელში ჩაგდებასაც, რის გამოც ზოგჯერ მუშტი-კრივსაც მიმართავდნენ. ეს იყო მხიარული, სპორტული დღეობა.
დიდმარხვის ბოლო კვირას ე. წ. ჰორიეშმაო იწყებოდა. ოჯახის უფროსი რკინის ორ ნაჭერს ერთმანეთზე ურტყამდა, ლოცულობდა და ქაჯებს აფრთხობდა. მერე გარეთ გადიოდა და კაჟიან თოფს დაცლიდა ავი სულების შესაშინებლად. დიასახლისი ოჯახის წევრებს მარჯვენა მაჯაზე, ხარებს რქებზე და სახვნელ კავს სახელურზე შავ ძაფს შეაბამდა. ეს რიტუალი ავი თვალისაგან იცავდა ადამიანებს, ხარებს და სამეურნეო იარაღსაც. იმავე დღეს მდინარიდან ყანაში მიჰქონდათ ქვიშა და თეთრი კენჭები. ეკლიან ჯოხს მიწაში ჩაარჭობდნენ, ძირში ქვიშას მიუყრიდნენ და თეთრ კენჭებს შემოუწყობდნენ. ამით ყანას ავი თვალისაგან იცავდნენ, რაც უხვი მოსავლის მიღების გარანტიად მიაჩნდათ.
გვალვიან წელიწადს ქალები უახლოეს ტბაში ძვალს ჩააგდებდნენ და უფალს ევედრებოდნენ კარგ წვიმას. ზოგ თემში სოფლის კაცები ეკლესიიდან იესოსა და ღვთისმშობლის ხატებს გამოაბრძანებდნენ, მდინარეზე ჩაიტანდნენ, გაბანდნენ და სიმღერით შესთხოვდნენ გაავდარებას. სოფელ ლენჯერში ამჟამადაც ტარდება ელიას დღესასწაული, რომლის დროსაც წმინდა ელიას ხატს შესთხოვენ გაავდრებას.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პროცესში, თესვის, მარგვლის და განსაკუთრებით მოსავლის აღების დროს ქალი მამაკაცის გვერდით იდგა და მასთან ერთად ეწეოდა ჭაპანს. შემთხვევითი არაა, რომ ქალს მზითევში აუცილებლად ატანდნენ ნამგალს, როგორც პურეულის აღების სიმბოლოს.
ამინდის ჭირვეულობის შემთხვევაში, ხშირად საჭირო ხდებოდა მოსავლის დროულად და ოპერატიულად აღება, თიბვა და სხვა. ამიტომ გავრცელებული იყო შრომის კოოპერაციის მარტივი მეთოდი - ნადი, როცა ოჯახს მოსავლის აღებასა თუ თიბვაში ეხმარებოდნენ მეზობლები და ნათესავები ანაზღაურების გარეშე, სანაცვლო დახმარების იმედით.
სვანური მასიური ქვის სახლებისა და კოშკების აშენება ერთი ოჯახის შესაძლებლობების ფარგლებს დიდად ცილდება. ამიტომ, აქაც გამოიყენებოდა შრომის კოოპერაცია მეზობლური დახმარების სახით (მამითადი), რასაც სვანები ლინდის უწოდებდნენ.
დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, სვანები არ თაკილობდნენ ზამთრის პერიოდში ბარში სხვის კარზე მუშაობას. გარემო პირობებმა სვანი გლეხი მეტად გამრჯე, ფიზიკურად შემძლე კაცად ჩამოაყალიბა. ამიტომ, შრომის ბირჟაზე სვანი მუშის გასამრჯელო ერთი ორად აღემატებოდა სხვა მუშის ფასს.წყარო

წყარო

ჰავა&კლიმატი

 ზემო სვანეთში ზღვის დონიდან 2000 სიმაღლემდე ნოტიო ჰავაა, ზამთარი ცივია და გრძელი, ხოლო ზაფხული ხანმოკლე, თბილი და ზოგჯერ ცხელიც. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7, იანვარში -6,4, ივლისში 16,4. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი -25, აბსოლუტური მაქსიმუმი +35. წელიწადში 1035 მმ ნალექი აღინიშნება. ზემო სვანეთის ყველაზე მაღალ ადგილებში, ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ნოტიო და ნივალური ჰავაა.წყარო

ცხოველთა სამყარო

 ზემო სვანეთი მდიდარია ცხოველებით. ტყეებში ბინადრობს: მურა დათვი, მგელი, არჩვი, კვერნა, მელა, ტურა, მაჩვი, დედოფალა. ალპურ ზონაში ბინადრობს ჯიხვი. ფრინველთაგან გავრცელებულია კავკასიური როჭო, დურაჯი, კავკასიური შურთხი, არწივი და სხვა იშვიათი ფრინველები.


  

მცენარეული საფარი

 ზემო სვანეთის დაბალ ზონაში გავრცელებულია წიფლნარ-რცხილნარი, იშვიათად წაბლნარიც. ქვეტყეს ქმნის ფოთოლმცვივანი და მარადმწვანე ბუჩქნარი. მთის შუა სარტყელში გავრცელებულია წიფლის ტყეები, ალაგ-ალაგ გვხვდება ნეკერჩხალი და რცხილა. ტყის ზემო სარტყელში ნაძვისა და სოჭის ტყეებია, მდინარეთა ჭალებში გავრცელებულია მურყნარი. ტყის ზონა მთავრდება სუბალპური ტყით. ზღვის დონიდან 2000-2200 მ ზემოთ სუბალპური მდელოები და დეკიანებია, უფრო მაღლა – ალპური მდელოები და ხალები.წყარო



ბუნების ღირსშესანიშნაობები

ზემო სვანეთში მრავალი ადგილია, სადაც ფეხით მისვლა, ბუნებით დატკბობა და დასვენება შეიძლება. განსაკუთრებით მიმზიდველია მესტიაში: ქორულდის ტბები, ჰაწვალი და ზურულდიდან გადასახედი; ბეჩოში: გულის მყინვარის მისადგომები, ბეჩოს უღელტეხილის ჩანჩქერი; შიხრის ველი უშბის ძირას; უშგულში: შხარას მისადგომები; კალაში: კვირიკეს ეკლესიიდან გადაშლილი კავკასიონის ქედის პანორამა; მულახში: ტყე, ალპური მდელოები და მდინარის ხეობები; იფარში: თეთნულდის მისადგომები სოფელ ადიშთან; წვირმი და იელი: უღვირის გადასასვლელიდან თეთნულდისა და უშბის ხედები. ცხუმარში: ენგურის ხეობის პანორამა.წყარო



კულტურული მემკვიდრეობა

  სვანეთში, ადგილობრივი კულტურა უწყვეტ ჯაჭვს ქმნის ადრე ბრინჯაოს ხანიდან დღემდე. ეს კუთხე მდიდარია ეკლესიებით, უნიკალური ფრესკული მხატვრობითა და ხატწერის ნიმუშებით.

მესტია ზემო სვანეთის რაიონული ცენტრია. საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან 456 კმ-ის, ზუგდიდიდან 128 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1500 მ-ზე მდებარეობს. მესტია მდებარეობს ქვაბულში, ენგურის აუზში, მდინარეების მესტიაჭალისა და მულხრის ნაპირებზე. მესტია უბნებად არის დაყოფილი: სეტი, ლეხთაგი, ლანჩვალი და ლაღამი.სვანეთის განძის დიდი ნაწილი მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია თავმოყრილი, რომელიც სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული უნიკალური მასალის ბაზაზე დაარსდა 1936 წელს. მუზეუმში წარმოდგენილია საგვარეულო ეკლესიებიდან გადმოტანილი ხელნაწერები, მრავალრიცხოვანი ჭედური და ფერწერული ჯვარ-ხატები, ანტიკური ხანის ოქროს მონეტები და ფეოდალური ხანის ეთნოგრაფიული ძეგლები, სვანეთის მთავართა – დადეშქელიანთა საგვარეულო ნივთები (სკივრები, ვერცხლით მოჭედილი უნაგირი და საოჯახო ნივთები), XIX ს-ის იტალიელი ფოტოგრაფის ვიტორიო სელას ფოტო-ექსპოზიცია, რომელიც ვიტორიო სელას შვილთაშვილმა მესტიის მუზეუმს საჩუქრად გადასცა. ვიტორიო სელამ 1889, 1890 და 1896 წლებში იმოგზაურა სვანეთში და ფირზე აღბეჭდა პეიზაჟები, დასახლებები და ადგილობრივ მკვიდრთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი კადრები.

ცნობილი ქართველი მთასვლელის მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმიც მესტიაში მდებარეობს, რომელიც 1983 წელს დაარსდა.

მესტიაში მდებარეობს სეტის წმ. გიორგის ეკლესია, რომელიც ზემო სვანეთის საერთო სალოცავია. ძველი ეკლესია დაინგრა და ხელახლა XVIII ს-ია აგებული. აქ XII-XIII სს-ის ხატები და ჯვრებია დაცული. XIII ს-ის მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი მესტიის ფუსდის ეკლესიაში.

ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია ერთ-ნავიანი, ორსართულიანი ბაზილიკაა. სავარაუდოდ პირველი სართული, მაცხოვრის ეკლესია აგებულია XIII ს-ში, მეორე სართული – ფერიცვალების ეკლესია დაშენებულია XIII ს-ში. ეკლესიის ორივე სართული მოხატულია XII-XIII სს-ში.


ლანჩვალში შუა საუკუნეების წმ. მთავარანგელოზის, ლეხთაგში კი ღვთისმშობლის (XV ს-ის მხატვრობა), სახელობის ეკლესიები მდებარეობს.

ბეჩო ისტორიული თემია, რომელიც თერთმეტ სოფელს აერთიანებს: მაზერი, გული, ჭოხულდი, უშხვანარი, დოლი, ჭკიდანარი, ბაგვდანარი, ნაშდქოლი, ტვებიში, ქართოვანი, ებუდი. ბეჩოს თემი შედიოდა სადადეშქელიანო სვანეთის შემადგენლობაში. ბეჩოდან ჩრდილო კავკასიაში (3375 მ) უღელტეხილი გადადის, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სვანეთის ჩრდილო კავკასიასთან დასაკავშირებლად.


ეცერის თემი სადადეშქელიანო სვანეთის შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც დღესდღეობით ხუთ სოფელს აერთიანებს: უღვალი, ბარში, ფხოტრერი, ცალანარი და ქურაში.

იფარის თემი ექვსს სოფელს აერთიანებს: ნაკიფარი, ზეგანი, ჰადიში, წვირმი, იელი და აცი. სიდიდითა და ფასადის შემკულობით ნაკიფარის X ს-ის ეკლესია გამოირჩევა, რომელიც მეფის მხატვარ თევდორეს მიერ არის მოხატული.
კალას თემი შვიდ სოფელს აერთიანებს: ვიჩნაზი, აგრაი, იფრარი, ხე, ხალდე, დაუბერი, ლალხორი. ყველაზე გამორჩეულია იფრარის მთავარანგელოზთა და წმ. კვირიკეს (ლაგურკას) ეკლესიები, რომლებიც მოხატულია მეფის მხატვარ თევდორეს მიერ. თევდორე, დავით აღმაშენებლის კარის მხატვარი იყო და XI ს-ის დასასრულს, XII ს-ის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა. ლაგურკას ეკლესია ზემო სვანეთის უდიდესი სალოცავია. აქ, 27 ივლისს წმ. კვირიკეს დღესასწაული იმართება, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ესწრება. სოფელ ხეში XI-ის წმ. ბარბარეს ეკლესია მდებარეობს, რომელიც XIII ს-ია მოხატული. აქ, XIII ს-ის მაცხოვრის ხატი ინახება.
ლატალი ზემო სვანეთის ერთ-ერთი ძლიერი და მდიდარი თემი იყო საუკუნეების მანძილზე. ლატალის თემის ათი სოფლიდან ეკლესიების სიმრავლით გამოირჩევა მაცხვარიში, იენაში, იფხი, ლაჰილი და ლახუშტი.
ლენჯერის თემი შვიდ სოფელს აერთიანებს: ნესგუნი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთხვერი, მუხელი, კაერი და სოლი.
მულახის თემი ექვსს სოფელს აერთიანებს: ღობრი, ზარდლაში, ჟამუში, მუშკერი, ლახირი და ჭოლაში.
მუჟალის თემი სამ სოფელს აერთიანებს: ცალდაში, ჩვაბიანი და ჟაბეში. ჟაბეშში X-XI სს-ის მაცხოვრის ეკლესია მდებარეობს, მუჟალში X ს-ის მაცხოვრის ეკლესია, რომელიც ვინმე ამროლასა და მიქაელს მოუხატავთ 978-1001 წწ-ს შორის. ჩვაბიანის წმ. მთავარანგელოზის ეკლესიაში XII ს-ის დაზიანებული მხატვრობაა შემორჩენილი. ცალდაშის მაცხოვრის ეკლესიაში XII ს-ის მხატვრობაა და აქვეა X-XI სს-ის ციხე-სახლი.
უშგული ისტორიული დასახლებაა, რომელიც ზემო სვანეთის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარეობს. უშგული ერთ-ერთ უმაღლეს დასახლებულ ადგილად ითვლება ევროპაში (2000-2200 მეტრი ზღვის დონიდან). უშგული ეგრეთ წოდებული “თავისუფალი სვანეთის” ნაწილი იყო. უშგულში მდებარეობს თამარ მეფის სახელთან დაკავშირებული, სვანეთის ერთ-ერთი უდიდესი ციხე-სიმაგრის ნაშთები: საცხოვრებელი, სამეურნეო და საკულტო ნაგებობანი, მათ შორის, სავარაუდოდ შუა საუკუნეებში აგებული 37 კოშკი.
ფარის თემი თერთმეტ სოფელს აერთიანებს: ზაგარი, ზედა ლუჰა, კაცხი, ლამხერი, ლაყვირი, სვიფი, ფალედი, ქვედა ლუჰა, ღეშდერი, ყვანა, ხოზვრარი. ფარის თემი სვიფის, X ს-ის წმ. გიორგის ეკლესიით არის ცნობილი. ეკლესიის კედლის მხატვრობა XIV ს-ით თარიღდება. ეკლესიას ამშვენებს IX ს-ის, ხის მოჩუქურთმებული კარები. აქ ინახება, XII ს-ში სვანეთის სახელოსნოებში შესრულებული ჭედური ხატები და ჯვრები. აქვე, მთის წვერზე, XIV ს-ში მოხატული, წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია მდებარეობს.
ცხუმარი, ეცერთან და ბეჩოსთან ერთად სადადეშქელიანო სვანეთის შემადგენლობაში შედიოდა. ცხუმარის თემი ექვსს სოფელს აერთიანებს: გაბალთი, სვიფი, ტვიბერი, ლეზგარი, მაგანდერი და ლაბსყალდი. ლაბსყალდის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიაში ინახებოდა ცხუმარის თემის განძეულობა. ჭედური ხელოვნების ნიმუშები თომანიანთა სახელოსნოებში XII-XIII სს-ია შესრულებული. სოფელ სვიფში წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია მდებარეობს, რომელიც ძველად ასევე განძთსაცავი ყოფილა.
ენგურის ჰიდროელექტრო სვანეთის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა ენგურის ჰიდროელექტრო სადგურია, რომლის მშენებლობა 1961 წელს დაიწყო და ათი წლის შემდეგ დასრულდა. ენგურჰესი უდიდესი ჰესია ამიერკავკასიაში. ჰესის ნეგებობეში შედის 272 მ სიმაღლის თაღოვანი კაშხალი, რომელიც დაბა ჯვართან ქმნის წყალსაცავს, გვირაბი, მიწისქვეშა ჰესი 5 ჰიდროაგრეგატით.წყარო

მუზეუმი ცის ქვეშ



საქართველოს მთიანეთში ძველთაგანვე არსებული ტრადიციის თანახმად, მორწმუნენი შეწირულობებით ამდიდრებდნენ ეკლესიებს. ამ ტრადიციის შედეგად სვანეთის ეკლესიებში დაგროვილია მორწმუნეთა მიერ სხვადასხვა დროს შეწირული მდიდარი ისტორიული მნიშვნელობის მქონე მასალა ძვირფასი ოქრო-ვერცხლის ნივთების, სამკაულების, სანადირო-საომარი იარაღის, ჯვარ-ხატების, ნანადირევის რქების, ნუმიზმატიკური ერთეულების, ხელნაწერების და სხვათა სახით. მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი ნაწარმია, ნაწილი კი შემოტანილი. ხატისა და თემის რიდით ამ სიმდიდრეს XX საუკუნემდე ხელს არავინ ახლებდა. ამჟამად ეკლესიებში არსებულ სიმდიდრეს სახელმწიფო იცავს. ამ სიწმინდეების დიდი ნაწილი გამოფენილია დაბა მესტიაში სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

სვანეთი მდიდარია შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრული ძეგლებით, საცხოვრებელი კომპლექსებით, კოშკებით, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებით, ორიგინალური ჩუქურთმებით შემკული ავეჯით და საყოფაცხოვრებო ნივთებით.

საქართველო იმთავითვე წარმოადგენდა მეზობელი სახელმწიფოების პოლიტიკურ ინტერესთა შეჯახების პოლიგონს, მიმდინარეობდა გაუთავებელი ომები ქართული ტერიტორიების მიტაცებისა და საქართველოზე მათი ჰეგემონიის გავრცელების მიზნით. ომების ეს ტალღა სვანეთამდეც აღწევდა. ამიტომ შემთხვევით არაა, რომ დროთა ვითარებაში სვანი კაცის საცხოვრისმა ციტადელის ფუნქცია შეიძინა.

სვანური საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი კოშკია. იგი წარმოადგენს 5X5 კვეთის მქონე ოთხკუთხა წაკვეთილი ფორმის ქვით ნაშენებ პირამიდას, რომლის სიმაღლე 25 მეტრის ფარგლებში მერყეობს. კოშკი 4 ან 5 სართულიანია. ზედა სართულზე დატანებულია სარკმელები, რომელთა შიგა ზომები გარეთაზე მეტია, რაც მნიშვნელოვნად აფართოვებს მხედველობის არეს და ზრდის კოშკის თავდაცვისუნარიანობას. ფერდობთან ახლოს აგებული კოშკი აუცილებლად წიბოთია ორიენტირებული ფერდობისაკენ. კოშკის სივრცული ორიენტაცია, საძირკვლის ნახევრად სფერული ფორმა და მასიურობა უზრუნველყოფს მის მდგრადობას, რაც არაერთხელ დადასტურებულა სვანეთში მომხდარი სტიქიური მოვლენების (ზვავი, ღვარცოფი და სხვა) დროს.

სვანეთის ტერიტორიაზე საკმაოდ კარგადაა შემორჩენილი საგუშაგოსათვალთვალო კოშკების სისტემა. საშიშროების შემთხვევაში პირველ კოშკზე ანთებდნენ სპეციალურად მომზადებულ თივას. ალის დანახვისას იგივე მეორდებოდა ყოველ მომდევნო კოშკზე და მთელი ხეობა სწრაფად მოდიოდა საომარ მზადყოფნაში. შეზღუდული ხილვადობის შემთხვევაში სიგნალი გადაიცემოდა თოფის გასროლით.

გარდა ამისა, იყო მსხვილი საფორტიფიკაციო ნაგებობები, რომლებიც კავკასიონის უღელტეხილებს აკონტროლებდნენ. მსგავსი ნაგებობების ნანგრევები შერჩენილია, მაგალითად, მდინარე ტვიბერის ხეობაში ორი კარიბჭის სახით.

სვანური საცხოვრებელი სახლი (მაჩუბი) დიდი ორსართულიანი შენობაა. პირველი სართული გამოიყენებოდა საცხოვრებლად და პირუტყვის დასაბინავებლად, მეორე სართულზე ინახავდნენ თივას. სახლი თბებოდა შუაცეცხლით, აქვე მზადდებოდა საჭმელიც. როგორც წესი, სახლი მიდგმული იყო კოშკზე. ოჯახის წევრთა რაოდენობა ოცდაათს და ზოგჯერ ასსაც აღწევდა. დღემდე შემორჩენილია რამოდენიმე ასეთი მსხვილი საცხოვრებელი კომპლექსი. მაგალითად, მულახის თემში, ქალდანების ეზო-გარემო გარშემორტყმულია სამი მეტრი სიმაღლის გალავნით, ეზოში ამჟამადაც დგას ერთი კარგად შემონახული და ერთიც ნახევრად დანგრეული კოშკი, აგრეთვე ეკლესია უნიკალური ჯვარ-ხატებით და სიწმინდეებით. აქ აგრეთვე ყოფილა ერთი სამსართულიანი და ორი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, პურეულის სალეწი კალო, დილეგები და საიდუმლო გვირაბი, რომელიც კომპლექსს გარე სამყაროსთან აკავშირებდა. ანალოგიური საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა გვხვდება დაბა მესტიაში და სოფ. ლატალში.

სვანეთის ისტორიისა და კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი. სვანეთის მკაცრი ბუნებისა და ყოფის შესაბამისად, მუსიკალური ფოლკლორიც მკაცრი და ომახიანია. სიმღერები ძირითადად ეძღვნება ლაშქრობებს, ომებს, ომის გმირებს, რელიგიურ თარიღებს, სახელოვან მეფეებს (მაგალითად თამარ მეფეს), ნადირობის ქალღმერთ დალის და სხვა. ბევრი სიმღერა ქრისტეშობამდეა შექმნილი და წარმართულ ელემენტებსაც შეიცავს (მაგალითადლილე” – ეძღვნება მზის ღვთაებას, “ქალთიდიდა სხვა).

როცა სვანეთის ცის ქვეშ ამ სიმღერებს ისმენთ, შემორკალული ხართ თოვლიანი მთებით და იმყოფებით კოშკებისტყვეობაში”, განიცდით საოცარ მეტამორფოზას, კარგავთ დროის განზომილებას და გადადიხართ შუასაუკუნეების სამყაროშიწყარო.