вторник, 22 января 2013 г.

მუზეუმი ცის ქვეშ



საქართველოს მთიანეთში ძველთაგანვე არსებული ტრადიციის თანახმად, მორწმუნენი შეწირულობებით ამდიდრებდნენ ეკლესიებს. ამ ტრადიციის შედეგად სვანეთის ეკლესიებში დაგროვილია მორწმუნეთა მიერ სხვადასხვა დროს შეწირული მდიდარი ისტორიული მნიშვნელობის მქონე მასალა ძვირფასი ოქრო-ვერცხლის ნივთების, სამკაულების, სანადირო-საომარი იარაღის, ჯვარ-ხატების, ნანადირევის რქების, ნუმიზმატიკური ერთეულების, ხელნაწერების და სხვათა სახით. მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი ნაწარმია, ნაწილი კი შემოტანილი. ხატისა და თემის რიდით ამ სიმდიდრეს XX საუკუნემდე ხელს არავინ ახლებდა. ამჟამად ეკლესიებში არსებულ სიმდიდრეს სახელმწიფო იცავს. ამ სიწმინდეების დიდი ნაწილი გამოფენილია დაბა მესტიაში სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

სვანეთი მდიდარია შუა ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრული ძეგლებით, საცხოვრებელი კომპლექსებით, კოშკებით, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებით, ორიგინალური ჩუქურთმებით შემკული ავეჯით და საყოფაცხოვრებო ნივთებით.

საქართველო იმთავითვე წარმოადგენდა მეზობელი სახელმწიფოების პოლიტიკურ ინტერესთა შეჯახების პოლიგონს, მიმდინარეობდა გაუთავებელი ომები ქართული ტერიტორიების მიტაცებისა და საქართველოზე მათი ჰეგემონიის გავრცელების მიზნით. ომების ეს ტალღა სვანეთამდეც აღწევდა. ამიტომ შემთხვევით არაა, რომ დროთა ვითარებაში სვანი კაცის საცხოვრისმა ციტადელის ფუნქცია შეიძინა.

სვანური საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი კოშკია. იგი წარმოადგენს 5X5 კვეთის მქონე ოთხკუთხა წაკვეთილი ფორმის ქვით ნაშენებ პირამიდას, რომლის სიმაღლე 25 მეტრის ფარგლებში მერყეობს. კოშკი 4 ან 5 სართულიანია. ზედა სართულზე დატანებულია სარკმელები, რომელთა შიგა ზომები გარეთაზე მეტია, რაც მნიშვნელოვნად აფართოვებს მხედველობის არეს და ზრდის კოშკის თავდაცვისუნარიანობას. ფერდობთან ახლოს აგებული კოშკი აუცილებლად წიბოთია ორიენტირებული ფერდობისაკენ. კოშკის სივრცული ორიენტაცია, საძირკვლის ნახევრად სფერული ფორმა და მასიურობა უზრუნველყოფს მის მდგრადობას, რაც არაერთხელ დადასტურებულა სვანეთში მომხდარი სტიქიური მოვლენების (ზვავი, ღვარცოფი და სხვა) დროს.

სვანეთის ტერიტორიაზე საკმაოდ კარგადაა შემორჩენილი საგუშაგოსათვალთვალო კოშკების სისტემა. საშიშროების შემთხვევაში პირველ კოშკზე ანთებდნენ სპეციალურად მომზადებულ თივას. ალის დანახვისას იგივე მეორდებოდა ყოველ მომდევნო კოშკზე და მთელი ხეობა სწრაფად მოდიოდა საომარ მზადყოფნაში. შეზღუდული ხილვადობის შემთხვევაში სიგნალი გადაიცემოდა თოფის გასროლით.

გარდა ამისა, იყო მსხვილი საფორტიფიკაციო ნაგებობები, რომლებიც კავკასიონის უღელტეხილებს აკონტროლებდნენ. მსგავსი ნაგებობების ნანგრევები შერჩენილია, მაგალითად, მდინარე ტვიბერის ხეობაში ორი კარიბჭის სახით.

სვანური საცხოვრებელი სახლი (მაჩუბი) დიდი ორსართულიანი შენობაა. პირველი სართული გამოიყენებოდა საცხოვრებლად და პირუტყვის დასაბინავებლად, მეორე სართულზე ინახავდნენ თივას. სახლი თბებოდა შუაცეცხლით, აქვე მზადდებოდა საჭმელიც. როგორც წესი, სახლი მიდგმული იყო კოშკზე. ოჯახის წევრთა რაოდენობა ოცდაათს და ზოგჯერ ასსაც აღწევდა. დღემდე შემორჩენილია რამოდენიმე ასეთი მსხვილი საცხოვრებელი კომპლექსი. მაგალითად, მულახის თემში, ქალდანების ეზო-გარემო გარშემორტყმულია სამი მეტრი სიმაღლის გალავნით, ეზოში ამჟამადაც დგას ერთი კარგად შემონახული და ერთიც ნახევრად დანგრეული კოშკი, აგრეთვე ეკლესია უნიკალური ჯვარ-ხატებით და სიწმინდეებით. აქ აგრეთვე ყოფილა ერთი სამსართულიანი და ორი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, პურეულის სალეწი კალო, დილეგები და საიდუმლო გვირაბი, რომელიც კომპლექსს გარე სამყაროსთან აკავშირებდა. ანალოგიური საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა გვხვდება დაბა მესტიაში და სოფ. ლატალში.

სვანეთის ისტორიისა და კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი. სვანეთის მკაცრი ბუნებისა და ყოფის შესაბამისად, მუსიკალური ფოლკლორიც მკაცრი და ომახიანია. სიმღერები ძირითადად ეძღვნება ლაშქრობებს, ომებს, ომის გმირებს, რელიგიურ თარიღებს, სახელოვან მეფეებს (მაგალითად თამარ მეფეს), ნადირობის ქალღმერთ დალის და სხვა. ბევრი სიმღერა ქრისტეშობამდეა შექმნილი და წარმართულ ელემენტებსაც შეიცავს (მაგალითადლილე” – ეძღვნება მზის ღვთაებას, “ქალთიდიდა სხვა).

როცა სვანეთის ცის ქვეშ ამ სიმღერებს ისმენთ, შემორკალული ხართ თოვლიანი მთებით და იმყოფებით კოშკებისტყვეობაში”, განიცდით საოცარ მეტამორფოზას, კარგავთ დროის განზომილებას და გადადიხართ შუასაუკუნეების სამყაროშიწყარო.


Комментариев нет:

Отправить комментарий