вторник, 22 января 2013 г.

კულტურული მემკვიდრეობა

  სვანეთში, ადგილობრივი კულტურა უწყვეტ ჯაჭვს ქმნის ადრე ბრინჯაოს ხანიდან დღემდე. ეს კუთხე მდიდარია ეკლესიებით, უნიკალური ფრესკული მხატვრობითა და ხატწერის ნიმუშებით.

მესტია ზემო სვანეთის რაიონული ცენტრია. საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან 456 კმ-ის, ზუგდიდიდან 128 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1500 მ-ზე მდებარეობს. მესტია მდებარეობს ქვაბულში, ენგურის აუზში, მდინარეების მესტიაჭალისა და მულხრის ნაპირებზე. მესტია უბნებად არის დაყოფილი: სეტი, ლეხთაგი, ლანჩვალი და ლაღამი.სვანეთის განძის დიდი ნაწილი მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმშია თავმოყრილი, რომელიც სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული უნიკალური მასალის ბაზაზე დაარსდა 1936 წელს. მუზეუმში წარმოდგენილია საგვარეულო ეკლესიებიდან გადმოტანილი ხელნაწერები, მრავალრიცხოვანი ჭედური და ფერწერული ჯვარ-ხატები, ანტიკური ხანის ოქროს მონეტები და ფეოდალური ხანის ეთნოგრაფიული ძეგლები, სვანეთის მთავართა – დადეშქელიანთა საგვარეულო ნივთები (სკივრები, ვერცხლით მოჭედილი უნაგირი და საოჯახო ნივთები), XIX ს-ის იტალიელი ფოტოგრაფის ვიტორიო სელას ფოტო-ექსპოზიცია, რომელიც ვიტორიო სელას შვილთაშვილმა მესტიის მუზეუმს საჩუქრად გადასცა. ვიტორიო სელამ 1889, 1890 და 1896 წლებში იმოგზაურა სვანეთში და ფირზე აღბეჭდა პეიზაჟები, დასახლებები და ადგილობრივ მკვიდრთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი კადრები.

ცნობილი ქართველი მთასვლელის მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმიც მესტიაში მდებარეობს, რომელიც 1983 წელს დაარსდა.

მესტიაში მდებარეობს სეტის წმ. გიორგის ეკლესია, რომელიც ზემო სვანეთის საერთო სალოცავია. ძველი ეკლესია დაინგრა და ხელახლა XVIII ს-ია აგებული. აქ XII-XIII სს-ის ხატები და ჯვრებია დაცული. XIII ს-ის მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი მესტიის ფუსდის ეკლესიაში.

ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია ერთ-ნავიანი, ორსართულიანი ბაზილიკაა. სავარაუდოდ პირველი სართული, მაცხოვრის ეკლესია აგებულია XIII ს-ში, მეორე სართული – ფერიცვალების ეკლესია დაშენებულია XIII ს-ში. ეკლესიის ორივე სართული მოხატულია XII-XIII სს-ში.


ლანჩვალში შუა საუკუნეების წმ. მთავარანგელოზის, ლეხთაგში კი ღვთისმშობლის (XV ს-ის მხატვრობა), სახელობის ეკლესიები მდებარეობს.

ბეჩო ისტორიული თემია, რომელიც თერთმეტ სოფელს აერთიანებს: მაზერი, გული, ჭოხულდი, უშხვანარი, დოლი, ჭკიდანარი, ბაგვდანარი, ნაშდქოლი, ტვებიში, ქართოვანი, ებუდი. ბეჩოს თემი შედიოდა სადადეშქელიანო სვანეთის შემადგენლობაში. ბეჩოდან ჩრდილო კავკასიაში (3375 მ) უღელტეხილი გადადის, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სვანეთის ჩრდილო კავკასიასთან დასაკავშირებლად.


ეცერის თემი სადადეშქელიანო სვანეთის შემადგენლობაში შედიოდა, რომელიც დღესდღეობით ხუთ სოფელს აერთიანებს: უღვალი, ბარში, ფხოტრერი, ცალანარი და ქურაში.

იფარის თემი ექვსს სოფელს აერთიანებს: ნაკიფარი, ზეგანი, ჰადიში, წვირმი, იელი და აცი. სიდიდითა და ფასადის შემკულობით ნაკიფარის X ს-ის ეკლესია გამოირჩევა, რომელიც მეფის მხატვარ თევდორეს მიერ არის მოხატული.
კალას თემი შვიდ სოფელს აერთიანებს: ვიჩნაზი, აგრაი, იფრარი, ხე, ხალდე, დაუბერი, ლალხორი. ყველაზე გამორჩეულია იფრარის მთავარანგელოზთა და წმ. კვირიკეს (ლაგურკას) ეკლესიები, რომლებიც მოხატულია მეფის მხატვარ თევდორეს მიერ. თევდორე, დავით აღმაშენებლის კარის მხატვარი იყო და XI ს-ის დასასრულს, XII ს-ის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა. ლაგურკას ეკლესია ზემო სვანეთის უდიდესი სალოცავია. აქ, 27 ივლისს წმ. კვირიკეს დღესასწაული იმართება, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ესწრება. სოფელ ხეში XI-ის წმ. ბარბარეს ეკლესია მდებარეობს, რომელიც XIII ს-ია მოხატული. აქ, XIII ს-ის მაცხოვრის ხატი ინახება.
ლატალი ზემო სვანეთის ერთ-ერთი ძლიერი და მდიდარი თემი იყო საუკუნეების მანძილზე. ლატალის თემის ათი სოფლიდან ეკლესიების სიმრავლით გამოირჩევა მაცხვარიში, იენაში, იფხი, ლაჰილი და ლახუშტი.
ლენჯერის თემი შვიდ სოფელს აერთიანებს: ნესგუნი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთხვერი, მუხელი, კაერი და სოლი.
მულახის თემი ექვსს სოფელს აერთიანებს: ღობრი, ზარდლაში, ჟამუში, მუშკერი, ლახირი და ჭოლაში.
მუჟალის თემი სამ სოფელს აერთიანებს: ცალდაში, ჩვაბიანი და ჟაბეში. ჟაბეშში X-XI სს-ის მაცხოვრის ეკლესია მდებარეობს, მუჟალში X ს-ის მაცხოვრის ეკლესია, რომელიც ვინმე ამროლასა და მიქაელს მოუხატავთ 978-1001 წწ-ს შორის. ჩვაბიანის წმ. მთავარანგელოზის ეკლესიაში XII ს-ის დაზიანებული მხატვრობაა შემორჩენილი. ცალდაშის მაცხოვრის ეკლესიაში XII ს-ის მხატვრობაა და აქვეა X-XI სს-ის ციხე-სახლი.
უშგული ისტორიული დასახლებაა, რომელიც ზემო სვანეთის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარეობს. უშგული ერთ-ერთ უმაღლეს დასახლებულ ადგილად ითვლება ევროპაში (2000-2200 მეტრი ზღვის დონიდან). უშგული ეგრეთ წოდებული “თავისუფალი სვანეთის” ნაწილი იყო. უშგულში მდებარეობს თამარ მეფის სახელთან დაკავშირებული, სვანეთის ერთ-ერთი უდიდესი ციხე-სიმაგრის ნაშთები: საცხოვრებელი, სამეურნეო და საკულტო ნაგებობანი, მათ შორის, სავარაუდოდ შუა საუკუნეებში აგებული 37 კოშკი.
ფარის თემი თერთმეტ სოფელს აერთიანებს: ზაგარი, ზედა ლუჰა, კაცხი, ლამხერი, ლაყვირი, სვიფი, ფალედი, ქვედა ლუჰა, ღეშდერი, ყვანა, ხოზვრარი. ფარის თემი სვიფის, X ს-ის წმ. გიორგის ეკლესიით არის ცნობილი. ეკლესიის კედლის მხატვრობა XIV ს-ით თარიღდება. ეკლესიას ამშვენებს IX ს-ის, ხის მოჩუქურთმებული კარები. აქ ინახება, XII ს-ში სვანეთის სახელოსნოებში შესრულებული ჭედური ხატები და ჯვრები. აქვე, მთის წვერზე, XIV ს-ში მოხატული, წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია მდებარეობს.
ცხუმარი, ეცერთან და ბეჩოსთან ერთად სადადეშქელიანო სვანეთის შემადგენლობაში შედიოდა. ცხუმარის თემი ექვსს სოფელს აერთიანებს: გაბალთი, სვიფი, ტვიბერი, ლეზგარი, მაგანდერი და ლაბსყალდი. ლაბსყალდის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიაში ინახებოდა ცხუმარის თემის განძეულობა. ჭედური ხელოვნების ნიმუშები თომანიანთა სახელოსნოებში XII-XIII სს-ია შესრულებული. სოფელ სვიფში წმ. მთავარანგელოზთა ეკლესია მდებარეობს, რომელიც ძველად ასევე განძთსაცავი ყოფილა.
ენგურის ჰიდროელექტრო სვანეთის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა ენგურის ჰიდროელექტრო სადგურია, რომლის მშენებლობა 1961 წელს დაიწყო და ათი წლის შემდეგ დასრულდა. ენგურჰესი უდიდესი ჰესია ამიერკავკასიაში. ჰესის ნეგებობეში შედის 272 მ სიმაღლის თაღოვანი კაშხალი, რომელიც დაბა ჯვართან ქმნის წყალსაცავს, გვირაბი, მიწისქვეშა ჰესი 5 ჰიდროაგრეგატით.წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий